ახალი ამბები
საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში კონდიცირებისა და ვენტილაციის პრობლემებით (ვიდეო)
მაღალი ტემპერატურის გამო,  ხშირად ავტობუსები ღია კარით გადაადგილდებიან

ორი ფანჯარა და ერთი ლუქი- ასეთია ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში კონდენცირებისა და ვენტილაციის მინიმალური მოთხოვნები.

კანონის მიხედვით, მძღოლს კონდენციონერის ჩართვის ვალდებულება არ აქვს, ხოლო, ბუნებრივი ვენტილაციისთვის საკმარისია ტრანსპორტში ჰაერის ნაკადი სამი წერტილიდან შედიოდეს.

ქუთაისელი მგზავრები აცხადებენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ასეთი რეგულაციები საკმარისი არ არის და მაღალი ტემპერატურის პირობებში ავტობუსითა და მიკროავტობუსით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

მათი თქმით, პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ბოლო წლებში ქალაქში ისეთი ტრანსპორტის შემოყვანა, რომლებსაც მინიმალური რაოდენობის ფანჯარა აქვს. ასეთ შემთხვევებში, მძღოლები ვენტილაციის სხვა გზას მიმართავენ და ღია კარით გადაადგილდებიან.





ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში კერძო კომპანიების უფლებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება არ აქვს გადამზიდავებს კონდენციონერის ჩართვა მოსთხოვოს.

სამი წერტილიდან ვენტილაციის ვალდებულებას კი, მათი თქმით,  ქალაქში მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალება იცავს.

ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ გაჩერებებს შორის მცირე ინტერვალების გამო, ტრანსპორტში ჰაერის ცირკულაცია ირღვევა და კონდენციონერის ჩართვა არაეფექტურია. გარდა ამისა, მისი თქმით, ასეთ შემთხევვაში ავტომობილს 2-3 ლიტრით მეტი რაოდენობის საწვავი სჭირდება, რაც თავის მხრივ გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

"ზოგს გონია, რომ ყველა სავარძელთან უნდა იღებოდეს ფანჯარა. მესმის, რომ არ არის მარტივი მგზავრებისთვის, მაგრამ 40 თეთრიანი ტარიფის პირობებში, ცოტა რთულია კომპანიას კონდენციონერის ჩართვა დაავალდებულო",-აცხადებს ირაკლი ცხვედიანი.

ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ პრობლემა მას შემდეგ მოგვარდება, რაც საქალაქო ტრანსპორტი მუნიციპალურად გადაკეთდება.

ცხვედიანის თქმით, მიკროავტობუსების შემთხვევაში მინიმუმ 4 წელი არაფერი შეიცვლება, რადგან კომპანიებს ნებართვები 2019-2020 წლამდე ვადით აქვთ აღებული. რაც შეეხება ავტობუსებს, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

Print