ახალი ამბები
ზესტაფონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
FaceBook
ზესტაფონში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღრიცხვა მიმდინარეობს.
უხვმა ნალექმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორა. აღმაშენებლის გამზირზე დაზიანდა სანიაღვრე სისტემის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი. ნინოშვილზე ჩამოშლილია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კედელი.

უხვმა ნალექმა ყველაზე მასშტაბური პრობლემა სოფლებს შეუქმნა, სადაც წვიმამ მოხრეშილი გზები გადარეცხა.  

სოფლებში ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს  "გზები 2"  აწარმოებს. კომპანიამ გზების მოსახრეშად გამოცხადებული 42 000 ლარიანი ტენდერი მოიგო. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი.  

"წყალში ჩაიყარა ის ფული, რაც დავხარჯეთ. თავიდან არის ყველაფერი გასაკეთებელი",- ამბობს ზესტაფონის გამგებლის მოადგილე გერონტი დევდარიანი.

მისი თქმით, მიყენებულ ზარალს სარეზერვო ფონდიდან და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხებით აანაზღაურებენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ წიწილაშვილის განცხადებით, მხოლოდ გზების აღსადგენად 80 000 ლარი იქნება საჭირო.

ქალაქში უხვი ნალექი 5 ივლისს მოვიდა.

Print