ახალი ამბები
ქუთაისში "ბიბლუსის გალერეის" გახსნისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში "ბიბლუსის გალერეის" გახსნის იდეის ინიციატორი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი, ანტონ სინატაშვილია.

მისი თქმით, ქუთაისში აუცილებელია მსგავსი გალერეის არსებობა, რადგან ბევრი ახალი გამოცემული წიგნის მოძიება ბიბლიოთეკებში ჭირს.

"მე ვიყავი თბილისის გალერეაში, სადაც სასიამოვნო გარემო დამხვდა. დაჯდები და წაიკითხავ შენს სასურველ წიგნს,"–ამბობს ანტონ სინატაშვილი.

პეტიციაზე ხელის მოწერა ელექტრონულად ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ დროსათვის, მას 844 ხელმომწერი ჰყავს. როგორც ორგანიზატორი ამბობს, ხმათა მინიმალური რაოდენობა 2 000– მდეა.

"ბიბლუსის გალერეა", ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს, ხოლო ბათუმში მისი მოწყობა უკვე დაწყებულია.

ქუთაისის "ბიბლუსის" ფილიალის განყოფილებაში აცხადებენ, რომ გალერეას ქალაქში მმომხმარებელთა მაღალი აქტიურობის შემთხვევაში გახსნიან.

"მოსახლეობის აქტიურობით გაიხსნა დამატებითი ფილიალები ქუთაისში. ამჟამად, 3 ფილიალი გვაქვს და ჩემი აზრით, ამდენი ფილიალების გახსნას, ჯობია ერთი დიდი გალერეა გაიხსნას, თუმცა ეს ყველაფერი მკითხველზეა დამოკიდებული," –ამბობს წიგნის მაღაზიაღა ქსელის ქუთაისის ფილიალის მენეჯერი, ნანა ჭედია.

"ბიბლუსის გალერეის" მოდელი წიგნის როგორც შეძენის, ასევე, ადგილზე წაკითხვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.



Print