ახალი ამბები
შსს–მ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით სამი პირი დააკავა
FaceBook
სამართალდამცავთა უწყებით, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 1650 ლარი შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ინტერნეტბანკში სამი მოქალაქე დაარეგისტრირეს, რომლებსაც ერთ-ერთ ბანკში ანგარიშები ჰქონდათ. შემდეგ კი მათ ინტერნეტბანკის მონაცემები, საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საბაბით, მოტყუებით გამოართვეს.

ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში, აღნიშნული მოქალაქეების ნებართვის გარეშე, მათი სახელებით, ინტერნეტბანკის საშუალებით, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებიდან სესხი აიღეს და ერთმანეთში გადაინაწილეს.

სამართალდამცავთა უწყებით, ბრალდებულების მიერ მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 1650 ლარი შეადგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ"ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print