ახალი ამბები
კომუნისტი არ ვარ, რომ მამა დავხვრიტო –ქუთაისის მერი "ნაციონალებს"
FaceBook
"ასე როგორ უნდა დაეცე, გრცხვენოდეს", - ამ რეპლიკით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბექა ყანჩელმა, საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გია უკლებას მიმართა.
კოლეგის უკმაყოფილება უკლებამ მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ქუთაისის მერი, შოთა მურღულია შეეცადა აეხსნა "ნაციონალი" დეპუტატისთვის თუ რა არის ნეპოტიზმი.
"მინდა ვკითხო და ავუხსნა გია უკლებას ნეპოტიზმი რას ნიშნავს და მე რატომ მადანაშუალებს. ყველამ კარგად ვიცით პლაკატით ხელში ის ბიჭი რატომ და ვისი დავალებით იყო. მესმის, რომ პოლიტიკურად განსხვავებული ხედვები გვაქვს, მაგრამ ადამიანურად სირცხვილია და უხერხულია ასეთი ტყუილის თქმა. ერთი ადამიანი მაინც დაასახელეთ, რომელიც მუშაობს მერიაში ან მის დაქვემდებარებულ უწყებაში, რომელიც არის შოთა მურღულიას ნათესავი. რაც შეეხება, მამაჩემს ის 2009 წლიდან მუშაობს მერიაში. მადანაშაულებთ იმის გამო, რომ არ მოვხსენი. მე კომუნისტი არ ვარ, რომ მოვხსნა ან დავხვრიტო მამაჩემი," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე.
ქალაქის მერის განმარტებით, საკრებულოს უმცირესობის წევრებს არ აქვთ უფლება ლევან მურღულიაზე ისაუბრონ.
ქუთაისის მერის მამა, ლევან მურღულია მერიის ზედამხედველობის სამსახურში 2009 წლიდან მუშაობს. მას ამ დროისთვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიცია უჭირავს.
თეკლე მორგოშია
Print