ახალი ამბები
შს მინისტრმა სამტრედიელი და ჭიათურელი მოსწავლეები დააჯილოვა
FaceBook
500–მდე ნახატიდან და ესედან ჟიურიმ 9 გამარჯვებული ავტორი და 21 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში ჩატარებულ ესეებისა და ნახატების კონკურსში იმერეთის რეგიონიდან გამარჯვებულად ორი მოსწავლე გამოვლინდა.

თემაზე "ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის"– მომზადებულ ესეების კონკურსში პირველი ადგილი ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, ოლანი ბიწაძეს გადაეცა.

შს მინისტრმა, ასევე სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე, გიორგი ხაჟალია დააჯილდოვა, რომელმაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე მის მიერ შექმნილი მაკეტი წარმოადგინა.

კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა. ფინალურ ეტაპზე გასული 500–მდე ნახატიდან და ესედან ჟიურიმ 9 გამარჯვებული ავტორი და 21 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.

"დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებისა და მოზარდების შესაბამის განათლებასთან. ამ მიზნით, მალე საქართველოში პატარებისთვის "უსაფრთხო სოფელი" შეიქმნება, სადაც ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე, შემეცნებით-გასართობი მეთოდებით, უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს აზიარებენ," – განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.

შსს–მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია გასულ წელს დაიწყო. მისი მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

Print