ახალი ამბები
ქუთაისში სამუშაოს მაძიებელი შშმ პირებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა
FaceBook
შეხვედრაზე კომპანიებმა შშმ პირებს ვაკანსიები შესთავაზეს

"ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის" მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე, იმერეთში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელები, სამუშაოების მაძიებელ შშმ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოწვეული იყო 24 კომპანიის წარმომადგენელი, რომლებმაც შშმ პირებისთვის 20 ვაკანსია წარმოადგინეს.

"ბევრი კომპანია ჯერ კიდევ მაშინ თანაშრომლობდა ჩვენთან, როცა შშმ პირების დასაქმების საპილოტე პროგრამა დავიწყეთ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მზადყოფნა, გაუღონ კარი ამ ადამიანებს და მისცენ შესაძლებლობა თანაბარ გარემოში ადაპტაციისა და დასაქმების", - განაცხადა "ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის" ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ.

დასაქმების ფორუმზე, ცენტრის წარმომადგენლებმა, იმერეთის სამი კომპანია წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვეს  და წლის დამსაქმებლის სტატუსი მიანიჭეს.

ამასთანავე, მემორანდუმი გაფორმდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომელთანაც ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს.

ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში შტეფენ შთორქი.

"ძალიან კარგი საქმე კეთდება. აუცილებელია, რომ ყველა რესურსით დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ შშმ პირებს თანაბარ პირობებში დასაქმებაში",- განაცხადა შეფენ შთორქმა.

ფორუმს არ დასწრებიან ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც შეხვედრაზე ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი.

"ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი" პროექტს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" 2013 წლიდან ახორციელებს.

Print