ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
FaceBook
კომისია საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას მოახდენს

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა.

"საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დროს, საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია", - ნათქვამია ბრძანებაში.

კომისია 13 წევრით დაკომპლექტდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პრემიერ–მინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ სამართლებრივი აქტი მიმდინარე წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა. სწორედ, ამ დროიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებს "საარჩევნო კოდექსი" გარკვეულ შეზღუდვებს და ვალდებულებებს უწესებს.


Print