ახალი ამბები
შოთა მურღულია სოციალურ საცხოვრისზე: იმედი მაქვს კონკურსი არ ჩაიშლება
FaceBook
კონკურსი  მიმდინარე წლის 11 ივლისს უნდა ჩატარდეს

ქუთაისის მერი შოთა მურღულია იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქში უსახლკაროებისთვის სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად გამოცხადებული კონკურსი არ ჩაიშლება.  

"უფრო ლოიალური გავხადეთ კონკურსის გამოცხადების წესი, რომ მეტ ადამიანს შეძლებოდა მონაწილეობის მიღება. იმედი მაქვს არ ჩაიშლება. ძალიან ცუდი იქნება თუ ასე მოხდება",- განაცხადა მურღულიამ.

კონკურსის პირობების მიხედვით, საერთო საცხოვრებელი 2500 კვ.მ-ზე უნდა განთავდეს. მას უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთი ეზოს მოსაწყობად და სივრცე შენობის ადმინისტრაციისთვის.

ერთ-ერთი მთავარი პირობა, სოციალური საცხოვრისის ერთ უბანში განთავსებაა.

რაც შეეხება ბენეფიციარის საცხოვრებელ სივრცეს, შენობა გათვლილი უნდა იყოს ერთ და ორ ოთახიან ფართებზე, მაქსიმუმ 40 კვადრატულ მეტრზე.

როგორც ირკვევა, კონკურსანტს შეუძლია მერიას არამხოლოდ შენობის აგება, არამედ, უკვე დასრულებული შენობა შესთავაზოს.

ქალქის მერის თქმით, თუ რამდენ ადამიანზე იქნება გათვლილი საცხოვრებელი, ეს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ პროექტზეა დამოკიდებული. თუმცა, მურღულიას არ დაუკონკრეტებია, დასრულებული შენობის შეთავაზების შემთხვევეაში, რამდენ საცხოვრებლიანზე იქნება თანახმა ქალაქის ხელისუფლება.

ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი კი აცხადებდა, რომ პირველ ეტაპზე, ქალაქში არსებული 700 უსახლკაროდან მხოლოდ 45 მათგანის დაკმაყოფილება იქნებოდა შესაძლებელი.

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

შენობა ქუთაისის მერიის მფლობელობაში იქნება და ის ბენეფიციარებს დროებით სარგებლობის უფლებით გადაეცემათ.

ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად გამოცხადებული კონკურსი მიმდინარე წლის 11 ივლისს ჩატარდება.



Print