ახალი ამბები
შოთა მურღულია - ქუთაისის მერიამ ბათუმში ლიფტები დაამონტაჟა
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2011 წელს ბათუმში ლიფტები დაამონტაჟა. აღნიშნულის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა. მურღულიას თქმით, ბათუმში ლიფტების დამონტაჟებას ქუთაისის ბიუჯეტის თანხები მოხმარდა.
"არის საკითხები, რომელიც სამარცხვინოა. ხალხი, რომელიც ქუთაისის ბიუჯეტს ხარჯავდა ბათუმში ლიფტების მოსაწყობად, ყველაზე მეტად ხმაურობს დღეს. თურმე ქუთაისის ბიუჯეტს ისე ულხინდა, რომ ბათუმში ლიფტებს აკეთებდნენ. მაშინ, როცა ბათუმს ხუთჯერ მეტი ბიუჯეტი ჰქონდა," – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერის განცხადებას საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ უპასუხა. უკლება კონკრეტულად ამ საკითხს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ შოთა მურღულია ცუდად ერკვევა პოლიტიკურ და იურიდიულ საკითხებში.
"ლიფტი თუ გაკეთდა, გაკეთდა ბათუმში და არა ქაბულში ან ნიგერიაში. ქალაქის მერი ვერ ერკვევა პოლიტიკაში და იურისპუდენციაში, აქედან გამომდინარე ისეთ ტერმინებს წამოისვრის, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში," – აცხადებს გია უკლება.
ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯზე ბათუმში ლიფტების დამონტაჟებას ვერ იხსენებს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესიკ ბრეგაძეც. თუმცა, ბრეგაძე ამბობს, რომ თუკი საბიუჯეტიო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გამოვლინდება, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
"თუ ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი უწყება," – აღნიშნა ბრეგაძემ.
რამდენად რეალურად მოხდა ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვა ბათუმში ლიფტების დასამონტაჟებლად? - "ქუთაისისპოსტი" აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. დეტალურ ინფორმაციას ოფიციალური დოუკუმენტების მიღებისთანავე შემოგთვაზებთ.
დეა მანაგაძე
Print