ახალი ამბები
გაძვირებული საწვავი და უკმაყოფილო მოსახლეობა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა საშუალოდ 0,4 – 0,7 თეთრით მოიმატა.

საწვავზე ფასის ზრდა ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.

"ლარი გამყარდაო და უმიზეზოდ უხარიათ, სინამდვილეში ფასი ყველაფერზე ძვირდება, ბენზინზეც და პროდუქტებზეც," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, თემურ გურეშიძე.

ბენზინზე ფასის მატებას მოსახლეობის ნაწილი მოხმარების ზრდას უკავშირებს.

"წინ გვაქვს ზაფხულის პერიოდი, როდესაც ნავთობპროდუქტებზე მეტი მოთხოვნაა. ალბათ, ტრადიციულად ამიტომაც გააძვირეს," - აცხადებენ ქუთაისში.

საწვავზე ფასების ზრდას ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე პერსონალიც ადასტურებს.

"ევრო რეგულარი 1, 53 თეთრი ღირდა, ახლა მისი ფასი 1,58 თეთრია. ანალოგიურად, მომატებულია ფასები სხვა სახეობის საწვავზეც," - ამბობენ ქუთაისში "გალფის" მომსახურების ცენტრში.

"ქუთაისიპოსტთან" საუბარში კომპანიაში განმარტავენ, რომ საწვავის ფასის მატება, საერთაშორისო ბაზარზე ღირებულების ზრდასთანაა დაკავშირებული.

"საწვავზე ფასების ზრდის საერთაშორისო ტენდენციაა მსოფლიოში," - აცხადებს "გალფის" ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ჯიბლაძე.

"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდის საერთო ტენდენცია დღეისათვის მაქსიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, საწვავის ფასებზე, ასევე, ლარის კურსის ცვლაც მოქმედებს.

"ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსი არასახარბიელოდ მოქმედებს საწვავის ფასზეც," - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

საწვავზე ღირებულების მატება ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო.

2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო.

სააგენტო oilnews-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობი წლის დასაწყისში 32,64 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე 32,77 დოლარს შეადგენდა.

2016 წლის ივნისიდან კი ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ამ დროისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასმა საშუალოდ ერთ ბარელზე 50,06 დოლარს, ხოლო ნიუ-იორკში - 48,56 დოლარს მიაღწია.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის არსებულ ფასებს ექსპერტები მაქსიმუმად მიიჩნევენ.
Print