ახალი ამბები
დეტალურად შეისწავლონ და გადაამოწმონ – გამგებლები TI-ს კვლევის შედეგებზე
FaceBook
"ეს არის სრული სისულელე," – ასე აფასებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევას.

ზაზა ხურციძის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგებსა და რეკომენდაციებს საჩხერის, ტყიბულისა და ხარაგაულის გამგეობის ხელმძღვანელებიც არ იზიარებენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით მუნიციპალიტეტებში, შრომის ანაზღაურების ხარჯები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ბიუჯეტით გათვალისწინებულ 25 %–ს აღემატება.

რაიონების გამგებლები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგი არაკვალიფიციურად და ხარვეზებით განახორციელა.

კვლევის შედეგებს სპეციალური განცხადებით უპასუხა საჩხერის მუნიციპალიტეტმა, სადაც წერია, რომ TI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

"მოვუწოდებთ გავრცელებული ინფორმაციის ავტორებს, შემდგომში დეტალურად შეისწავლონ, გადაამოწმონ საკითხი და საზოგადოებას მხოლოდ ამის შემდგომ მიაწოდონ სწორი ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

საჩხერის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელფასო ხარჯებში საკრებულოს თანამდებობის პირების (საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები) შრომის ანაზღაურებაც დათვალა, რასაც "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 156–ე მუხლის მესამე პუნქტი არ ითვალისწინებს.

იგივე პოზიცია აქვს ტყიბულის გამგეობას. მათ საპასუხო განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციას ხარჯები არასწორად აქვს დათვლილი.

"ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მომსახურეთა შრომის ანაზღაურება რეალურად 21,0%–ს შეადგენს. აღნიშნულ ორგანიზაციას, ჩატარებულ კვლევაში ჩათვლილი აქვს საკრებულოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება, რაც არასწორია", - წერია განცხადებაში.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ორგანიზაციამ კვლევა არაკვალიფიციურად ჩაატარა, რომელსაც არ ეთანხმება და არც რეკომენდაციები გაუთვალისწინებია.

"ეს არის სრული სისულელე. კარგი იქნებოდა უფრო კვალიფიციურ პირებს დაეთვალათ ეს თანხები," - ამბობს ვანის გამგებელი, ზაზა ხურციძე.

შენიშვნების გათვალისწინებას არც ხარაგაულში აპირებენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ საბიუჯეტო თანხების დათვლის დროს ორმაგი შეცდომა დაუშვა.

"ხარჯები 6 300 000 ლარიანი ბიუჯეტიდან აქვთ დათვლილი და რეალურად, ჩვენი ბიუჯეტი 6 700 000 ლარია. გარდა ამისა, სახელფასო ხარჯებში ჩათვლილია საკრებულოს თანამდებობის პირთა ხელფასი, რაც ასევე შეცდომაა", - ამბობს ხარაგაულის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", იმერეთის 4 მუნიციპალიტეტის სახელფასო ანაზღაურების შესახებ დასკვნა, მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოაქვეყნა.

შესწავლილ მუნიციპალიტეტებში სახელფასო ხარჯები, ბიუჯეტის 25%-ს აღემატება, რაც კანონის მიხედვით დარღვევას წარმოადგენს.

ორგანიზაცია მუნციპალიტეტებს მოუწოდებს, ზედმეტი ხარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაანაწილონ.

სახელფასო ხარჯების მონიტორინგი ორგანიზაციამ სულ 27 მუნიციპალიტეტში განახორციელა.


Print