ახალი ამბები
26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
FaceBook
1987 წელს გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ ამ დღის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

1987 წელს გენერალურმა ასამბლეამ "ნარკოტიკების მოხმარების ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენციაზე" ამ დღის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ორგანიზაციამ ნარკომანიასთან ბრძოლის ყოვლისმომცველი მულტიდისციპლინარული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

1987 წლიდან ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

ამ პრობლემას გაერო–მ 1998 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა, რომლის მიზანი 2008 წლისთვის ნარკოტიკების მომხმარებელთა რიხვის შემცირება გახლდათ.

თუმცა, ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში ნარკოტიკებს 185 მლნ ადამიანი მოიხმარს. ასევე, ნარკოდამოკიდებული არასრულწლოვნების, მოზარდებისა და ქალების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

სტატისტიკური მონაცემებით, 3–4 წლის წინ ახალგაზრდებში მომხმარებელთა საშუალო ასაკი 16–17 წელი იყო, თუმცა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 13–14 წელს შეადგენს.

ასევე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების ქალ მომხმარებელთა რიცხვი 7–ჯერ გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი დაახლოებით 45 ათასს შეადგენს. თუმცა, ამ მონაცემებში ნარკოტიკების მხოლოდ ინტრავენურად რეგულარული მომხმარებლები იგულისხმებიან. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მარიხუანას, "ბიოს" და სხვა შედარებით მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა რიცხვი უფრო მეტია.

ქართულ ბაზარზე, ძირითადად სუბოტექსი, ჰეროინი, მეტადონი, ასევე ხშირად ე.წ. "ვინტი" და "ნიანგიც" კი გამოიყენება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით 500 ლარით ისჯება, ერთი წლის მანძილზე გამეორების შემთხვევაში მოქმედებს სისხლის სამართლის 273-ე მუხლი, რომელიც მოქალაქის 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას (საშუალოდ 2000 ლარს) ითვალისწინებს.
Print