ახალი ამბები
იმერეთში თხილის ფასი მკვრეთრად შემცირდა
FaceBook
1 კილოგრამი თხილის ფასი 3.10 - 3.40 ლარია.

ქუთაისში თხილის გადამამუშავებელ საწარმოებში ამბობენ, რომ თხილზე ფასის დაცემის პარალელურად, პროდუქტზე მოთხოვნაც შემცირდა.

"ბოლო წლების მანძილზე ასეთი დაბალი ფასი ჯერ არ დაფიქსირებულა,"- ამბობენ ქუთაისის თხილის გადამამუშავებელი საწარმოს "თხილის ქვეყანა" თანამშრომლები.

თავის მხრივ, გლეხებიც აცხადებენ, რომ თხილის გაყიდვა მომგებიანი აღარ არის.

თხილის მიმღებ პუნქტებში აცხადებენ, რომ გასული წლის ამავე პერიოდში პროდუქტის ფასი 9-12 ლარი იყო.

მიმდინარე წელს კი, ფასის შემცირებამდე, 1 კგ თხილის ყველაზე მაღალი ფასი 8 ლარი გახლდათ.

"ამ ბიზნესშიც მონოპილია ამოქმედდა ალბათ. ამას ისიც ემატება, რომ ქართული თხილი მაინცდამაინც ვერ უწევს კონკურენციას თურქულს," - ამბობენ ადგილობრივი მეწარმეები.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის წარმომადგენლების განმარტებით, პროდუქტზე ფასი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც შემცირდა.

მათივე ინფორმაციით, ქართული თხილის ხარისხი დაბალია, რომლის გაუმჯობესების მიზნით, თხილის ბიზნესი მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან კანონრეგულაციების ამოქმედების მოლოდინშია.

ახალი ტექნიკური რეგლამენტი თხილის კალიბრაციის განსაზღვრას, შეფუთვას, ტრანსპორტირებისა და ეტიკეტირების წესების დაცვას ითვალისწინებს. რეგულაციების ინიციატორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

Print