ახალი ამბები
320 ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა
FaceBook
თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდა.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

"სტუდენტური საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს" – განმარტავენ სამინისტროში.

სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც 320 ადგილზეა გათვლილი, 3 კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობისგან შედგება. ასევე, მოიცავს კაფეტერიას, საკონფერენციო ოთახს, სამედიცინო პუნქტს, ბიბლიოთეკას, კომპიუტერების ოთახს, სამრეცხაოსა და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურას.

შენობის გარეთ კი შიდა გზები, ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება მოეწყო. ასევე, ტერიტორია კეთილმოეწყო და გამწვანდა.

მშენებლობა, რომელიც 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 250 777 ლარით დაფინანსდა.

საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, მისი ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსების წესსა და პროცედურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს.


Print