ახალი ამბები
ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 000 ლარიან ვიდეორგოლს გადაიღებენ
FaceBook
სარეკლამო ვიდეორგოლი 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა დამზადდეს.


ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სარეკლამო რგოლის დამზადებისთვის ტენდერი გამოაცხადდა.

სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის ღირებულება 5 000 ლარია, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 13 ივნისს იწყება.

სარეკლამო რგოლში ქუთაისში ბოლო ორი წლის განმავლობაში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები უნდა აისახოს.

მისი ხანგრძლივობა 20–30 წმ უნდა იყოს, ხოლო მთავარი მოქმედი გმირი რომელიმე ცნობადი სახე (მომღერალი, მსახიობი, სპორტსმენი) იყოს.

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიის დაკვეთით შესრულებული ვიდეორგოლი ქუთაისში მიმდინარე შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უნდა შეეხებოდეს:

"1. წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს 24 საათიან წყალს (ქუთაისში წყალი გრაფიკითაა), რომელიც დაიწყო 2016 წელს და დასრულდება 2017 წელს (100 მლნ. ლარი). 2. კანალიზაციის სისტემის სრულად შეცვლა, (მოსახლეობის 30%-ს კანალიზაცია არ აქვს), რომელიც დაიწყება უახლოეს პერიოდში (გასულ წელს გაკეთდა რამდენიმე დიდი ქუჩა) (260 მლნ ლარი). 3. ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც უერთდება ავტობანს და ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელია (7 მლნ. ლარი). 4. გზის საფარის კაპიტალური რეაბილიტაცია, მინი სტადიონების მოწყობა, სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები გამწვანების ზოლებით, ეზოების და მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, ხარისხის მართვის (ISO) სერთიფიკატი (33 მლნ. ლარი)," – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შემსრულებელმა ვიდეორგოლის დამზდება 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს. ასევე, კადრებისა და გრაფიკის არჩევა, მონტაჟი, ფერთა კორექცია, მუსიკა და ხმოვანი ეფექტები დამკვეთთან, ქუთაისის მერიასთან უნდა შეათანხმოს.



Print