ახალი ამბები
გიორგი ვაშაძე – ქუთაისი სიდიდით მეორე, მაგრამ სიღარიბით პირველია საქართველოში
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებს შეხვდა.

მისი თქმით, საზოგადოება დაპირისპირებებით დაიღალა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გამოჩენა, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და ქვეყანას ნორმალური განვითარების გზაზე დააყენებს.

"განსაკუთრებული ყურადღება ამ ქალაქს სჭირდება, რადგან ქუთაისი სიდიდით მეორე, მაგრამ სიღარიბით პირველია საქართველოში. ჩვენი აქცენტი ქუთაისსა და მთლიანად იმერეთზე იქნება," - აღნიშნა მან.

სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერმა შეხვედრაზე, ასევე, იმ მექანიზმებზე ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება ადამიანები მოძრაობის საქმიანობაში ჩაერთონ.

"ყველაზე გახსნილი და ინოვაციური მოძრაობა საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს,"– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
Print