ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ აბონენტებისგან დასუფთავების დავალიანების ამოღება დაიწყო
FaceBook
აბონენტებმა დავალიანება 5 დღის ვადაში უნდა დაფარონ.

ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილება, დავალიანების მქონე აბონენტებს შეტყობინებებს უგზავნის. ქვითარზე მითითებულია დავალიანების რაოდენობა და მისი დაფარვის ვადები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს.

მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსი, არჩილ ტყაბლაძე ამბობს, რომ მსგავს შეტყობინებებს პერიოდულად არიგებენ, თუმცა, სამსახურს ეს უფლება ამ დრომდე არ გამოუყენებია.

"ჩვენ ვცდილობთ დავალიანებაში მყოფი აბონენტები გავაფრთხილოთ სიტყვიერადაც, მაგრამ თუ ისინი მაინც არ გადაიხდიან, ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ სასამართლოს. ამ ეტაპზე სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს", - ამბობს ტყაბლაძე.

მისი თქმით, რადგან მოსაკრებლის ტარიფი არ იცვლება, ამიტომ ყოველი თვის ბოლოს ქვითრის ადგილზე მიტანა სავალდებულო არ არის და სამსახური ამას სამ თვეში ერთხელ ახდენს.

"მოსაკრებლის ტარიფი ქუთაისში ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,50 ლარს, რომელიც არ იცვლება ყოველთვიურად და ამიტომაც არ არის საჭირო ყოველთვე მისი დარიგება", - აცხადებს არჩილ ტყაბლაძე.

დასუფთავების მოსაკრებლის დაგროვება მოსახლეობაში, სწორედ აბონენტის ნომრების არქონამ გამოიწვია, რის გამოც მოქალაქეთა დიდი ნაწილი არაინფორმირებულობის გამო, დავალიანების გადახდას ვერ ახერხებდა.

მერიაში ამბობენ, რომ როგორც დავალიანების, ასევე აბონენტის ნომრების შესახებ შეტყობინებებს სამსახური წელიწადში სამჯერ არიგებს. თუმცა, გაფრთხილების მიუხედავად, აბონენტთა ნაწილი გადასახადს წლების განმავლობაში არ იხდის, რასაც მერიის მიერ დავალიანების შესახებ, პერიოდულად დარიგებული შეტყობინებები მოწმობს.

თვითმმართველობა 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით დაგროვებულ მოსაკრებლის გადახდას 5 დღიან ვადაში ითხოვს.

ზუსტი ციფრი რამდენ აბონენტს აქვს დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება ქუთაისის  მერიის დასუფთავების განყოფილებაში არ იციან.

არჩილ ტყაბლაძე ამბობს, რომ შეტყობინება ქალაქის მასშტაბით არსებული კორპუსის მცხოვრებლებს დაურიგდათ. რაც შეეხება კერძო დასახლებებს, დასუფთავების განყოფილება მათთვის შესაბამისი შეტყობინებების დაგზავნას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

Print