ახალი ამბები
პროკურორი დეპუტატის პიჯაკის საქმეზე ბრალდებულების პატიმრობას ითხოვს
FaceBook
"თავისუფალი ზონის" წევრები კახაბერ გაბუნია, ნიკა ნარსია და მირიან დეისაძე, შესაძლოა, ისევ პატიმრობაში დააბრუნონ.

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანების საქმეზე, პროკურორი ზიტა ჭულუხაძე ინცინდენტში მონაწილეთა პატიმრობას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები სახელმწიფო ბრალმდებლის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

"როცა ხელისუფლება იწყებს ადამიანთა დევნას, დაჭერასა და ცემას, მისი დასასრული არის ძალიან ახლოს. ჩვენ ამ ხელისუფლებას დავასრულებთ 8 ოქტომბერს",-აცხადებს ნიკა ნარსია.

პროკურორმა ზიტა ჭულუხაძემ "თავისუფალი ზონის" წევრების პატიმრობა მიმდინარე წლის 20 ივნისის სასამართლო პროცესზე მოითხოვა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს 9 აგვისტოს ჩანიშნულ პროცესამდე, სადაც დაცვის მხარემ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, პატიმრობა არ ემუქრებათ.

"თავისუფალი ზონის" სამი წევრი 2015 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად დეპუტატის შეურაცხყოფა და პიჯაკის დაზიანება ედებოდათ. ისინი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გასული წლის 25 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მათ წინააღმდეგ საქმე 239-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტით არის აღძრული.


Print