ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს ქალი დეპუტატები - ქალის მთავარი ფუნქცია დედობაა
FaceBook
რატომ არის ცოტა ლიდერი ქალი? - აღნიშნული საკითხი გახდა დისკუსიის თემა შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრა დაიწყო ფილმით, სადაც ფეისბუკის მთავარი ოპერაციული ხელმძღვანელის შერილ სანდბერგის საჯარო ლექცია იყო წარმოდგენილი.
შერილ სანდბერგი ლექციაზე საუბრობს სტატისტიკაზე, თუ რამდენად ცოტა ლიდერი ქალია თვით აშშ-ში, რამდენად ცოტა ქალი იკავებს წამყვან პოზიციებს საჯარო თუ კერძო სტუქტურებში და ა.შ..
"როდესაც წარმატებული კაცი საუბრობს აღნიშნავს, რომ წარმატება მისი დამსახურებაა, წარმატებული ქალი კი მიუთითებს რომ მას დაეხმარნენ", -აღნიშნავს შერილ სანდერბერგი და ხაზს უსვამს ქალების თვითშეფასების ამაღლების მნიშვნელობას. "მთავარია ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების", -აღნიშნავს იგი.
ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსიაში სხვა სტუმრებთან ერთად ჩაერთვნენ ქუთასიის საკრებულოს დეპუტატი ქალები.
"აქტიურობის თვალსაზრისით ქალები გამოირჩევიან, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში მათი რიცხვი მცირეა. ეს განპირობებულია მენტალური ფაქტორით ან იმით, რომ ქალები მეტისმეტად თვითკრიტიკულები ვართ"- აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.
დისკუსიაზე საკითხი შეეხო კვოტირების თემას. როგორც აღმოჩნდა,  წვეული დეპუტატებიდან ორი არ ემხრობა კვოტირების დაკანონების საკითხს.
"მე არ ვარ მომხრე კვოტირებით, მექანიკურად პოლიტიკოსი ქალების აქტივობის გაზრდის. მთავარია პროფესიონალიზმი, ღირსება, პატიოსნება. მნიშვნელოვანია აქტიური ქალები მოტივირებულები გავხადოთ", - აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს წევრმა ლელა ქელბაქიანმა
"პარლამენტში თუ საკრებულოში რატომ უნდა იყოს კვოტირება? თუკი გინდა პოლიტიკაში ამისთვის ყველა პირობაა", - განმარტა საკრებულოს დეპუტატმა ირმა პეტრიაშვილმა.
დეპუტატები ქალის ყველაზე მთავარ დანიშნულებაშიც შეთანხმდნენ.
"ყველზე გამორჩეულ ქალად მიმაჩნია ის, ვინც არის მრავალშვილიანი დედა, ვინც ქმნის ახალ სიცოცხლეს", - აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა.
"ქალს შეუძლია იყოს ლიდერი, უნდა იყოს წარმატებული, აქტიური, მაგრამ ქალის მთავარი ფუნქცია მაინც დედობაა", - განმარტა ლელა ქელბაქიანმა.
ეკა კუხალაშვილი

Print