ახალი ამბები
სამტრედიაში შესაძლოა გარევაჭრობა აიკრძალოს
FaceBook

სამტრედიაში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობა, შესაძლოა, აიკრძალოს.


საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას თქმით, იურიდიულმა კომისიამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმი, რომლითაც გარემოვაჭრეთა დაჯარიმება მოხდება. თუმცა, მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე მკაცრი ზომების გატარებას არ გეგმავს და ეს იმ პროცესის ნაწილია, რომლითაც ქალაქში გარევაჭრობის პრობლემა საბოლოოდ უნდა მოგვარდეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, როსტომ თავაძე კი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ერთ-ერთ შპს-სთან, რომელიც გარემოვაჭრეებს საჭირო ინფრასტურქტურით აღჭურვილ შენობას სთავაზობს.

"არსებობს ალტერნატიული ფართი, სადაც გარემოვაჭრეებს უკეთეს გარემოში შეუძლიათ იმუშაონ. ამასთანავე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მათ უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ახლა იხდიან", - ამბობს როსტომ თავაძე.


სამტრედიის ცენტრში, აგრარული ბაზრის მიდებარედ, გარევაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად, გამგეობის თანამშრომლებმა პოლიციის თანხლებით, გამაფრთხილებელი რეიდი ორი თვის წინ მოაწყვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ თუ გარემოვაჭრეები გაფრთხილებას არ გაითვალისწინებდნენ, მათ შესაბამისი ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 55 .2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება, ანდა მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა და საზოგადოებრივი ადგილების სარეგბლობის თვითნებური შეზღუდვა ფიზიკური პირებს 500 ლარიან ჯარიმას უწესებს, ხოლო იურიდიული პირები 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 3 000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 4 000 ლარის გადახდა მოუწევს.

სამტრედიის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა 10 წელზე მეტია გრძელდება.


 

Print