ახალი ამბები
ქუთაისის მერია საჯარო სკოლის მოსწავლეებს კურორტზე ასვენებს
FaceBook
ტენდერის ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.

ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცვველი და წარმატებული მოსწავლეების დასვენების უზრუნველსაყოფად 40 000 ლარის ღირებულების ელექტრონული შესყიდვა გამოაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასის მოსწავლეები მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით დაისვენებენ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზღვაო კურორტზე სულ 195 პირი სამ ნაკადად გაემგზავრება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სასტუმროში უზრუნველყოს სამჯერადი კვება. თავად სასტუმრო კი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

"მდებარეობდეს ზღვის სანაპიროდან 100-150 მეტრის რადიუსში, მოსწავლეები განთავსდნენ ორ, სამ ან მაქსიმუმ 4 ადგილიან ნომრებში ცალ-ცალკე საწოლებით, ასევე უნდა გააჩნდეს მცირე (მინიმუმ 25 მონაწილესთვის) და დიდი საკონფერენციო დარბაზი (მინიმუმ 50 მონაწილესთვის), თითოეულ დარბაზში უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის სკამი, სამუშაო მაგიდები (თითო მაგიდა 4- 5 მონაწილისათვის), პროექტორი, პროექტორის დაფა, ასევე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა.

სასტუმროს ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდიცირება (24 საათი); მონაწილეები უნდა განთავსდნენ ერთ შენობაში, სადაც შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უკაბელო ინტერნეტი არანაკლებ 1 მგ/წმ, როგორც ყველა ოთახში, ასევე სამუშაო შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებში, საოჯახო ტიპის სასტუმრო არ განიხილება", - ასეთია ქუთაისის მერიის მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 14 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერზე წინანადადების მიღება 30 ივნისს დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება.
Print