ახალი ამბები
რუსეთის ორმა მოქალაქემ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა
FaceBook
გამოძიება საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე ბათუმში დააკავეს.

"შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი"- აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო იძიებს.
Print