ახალი ამბები
მითვისებული ტროტუარები და კიბეები ნებართვის გარეშე ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში, უმრავლესობა კომერციული ფართების შესასვლელი კიბეებისა, რომლებიც ტროტუარზეა განთავსებული, რეგისტრირებული არაა.

მეწარმეებმა პირველად ის ადგილი უნდა დაარეგისტრირონ, სადაც კიბის განთავსება სურთ. შემდეგ კი ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში შესაბამისი პროექტი წარადგინონ და კიბის მოსაწყობად ნებართვა მიიღონ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში, კომერციული ფართების მფლობელებს შესასვლელი კიბეების პროექტი არ აქვთ და ტროტუარის ნაწილიც დაურეგისტრირებელი აქვთ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მეპატრონეთა დიდ ნაწილს ნებართვა მხოლოდ კიბის მოწყობის შემდეგ აქვს მიღებული.

ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, ქუთაისში, მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზე 500-მდე მსგავსი ფაქტია აღრიცხული.

ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ მერია ტროტუარების იმ ნაწილს, სადაც კიბეებია მოწყობილი, იჯარით გასცემს და ამ გზით კანონდარღვევის გადაფარვას ახდენს.

"ქალაქში, კომერციული ფართების 90%-ს ტროტუარებზე კიბეები უნებართვოდ აქვთ მოწყობილი. როგორც წესი, კიბეებს აკეთებენ ისე, რომ პროექტიც არ აქვთ აღებული. შემდეგ კი, მერია ამ კანონდარღვევის გადასაფარად, ტროტუარებს აიჯარებს", - ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

მერიის არქიტექტურის სამსახურში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ. სამსახურის უფროსის განმარტებით, ყველა მსგავსი შემთხვევა ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა.

"თუ საკითხს ამ პრინციპით მივუდგებით, მაშინ ყველა უნდა დავაჯარიმოთ, რადგან ყოფილი ხელისუფლების დროს უამრავი ასეთი ფაქტი მოხდა. ხშირ შემთხვევაში, ისე გასცემდნენ იჯარას, რომ კიბის პროექტიც კი არ იყო შეთანხმებული. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს სამსახურს, არც ერთი კიბის მოწყობაზე ნებართვა, მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ, არ გაუცია", - ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.

მისივე თქმით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქალაქში უამრავი მსგავსი შემთხვევაა, ყველას ვერ დააჯარიმებენ, თუმცა კანონდარღვევის ახალ ფაქტებს აღარ უშვებენ.

ქუთაისის მერიაში სამართლებრივი რეაგირების იმ მექანიზმებზე, რომელიც იურიდიული პირების მიერ მითვისებული ტროტუარებისა და უნებართვოდ მოწყობილი კიბეების მასშტაბურ პრობლემას დაარეგულირებს, ახლა მუშაობენ.


 

Print