ახალი ამბები
როგორ დავზოგოთ ენერგია – დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული დისკუსია მდგრადი ენერგეტიკის გამოწვევებს ეხებოდა.

"1,3 მილიარდი მოსახლეობის დედამიწაზე ელექტროენერგიით ვერ სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაახლოებით 90%–სთვის ენერგო რესურსები ხელმისაწვდომია, მაღალმთიან რეგიონებში ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს,"– ამბობს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრის" გამგეობის თავმჯდომარე, ქეთევან ცხაკაია.

მას პრობლემის მოგვარების გზად განახლებადი რესურსების დანერგვა მიაჩნია. ენერგოეფექტურობის ამაღლების ერთ–ერთი გზა მზის, წყლისა და ქარის ენერგიის გამოყენებაა.

"ეს შეიძლება იყოს მზის ენერგია, თუმცა ეს სფერო ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. მიზეზები სხვადასხვაგავრია, მოსახლეობაში უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით და ასევე, განახლებადი ენერგიის გამოყენების სტრატეგია არ არის შემუშავებული, რაც აუცილებელია. ეს საკითხი არ არის სახელმწიფოებრივ დონეზე დაყენებული," – განმარტავს ქეთევან ცხაკაია.

ენერგიის ეფექტური გამოყენება და დაზოგვა ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებებზე ზემოქმედების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. ის , ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.

როგორ დავზოგოთ ენერგია?

ამისათვის საჭიროა ხეების დარგვა, ენერგოეფექტური მოწყობილობის შეძენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე ავტომობილებით მგზავრობა.

"უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს, ისარგებლეთ ნარჩენების მიმღები პუნქტებით, დახურეთ კარ–ფანჯრები, როცა კონდიციონერი მუშაობს, გამოყენეთ ენერგოეფექტური ნათურები, გამორთეთ ტელევიზორი დენის წყაროდან, ნუ დატოვებთ ნათურას ჩართულ მდგომარეობაში იქ, სადაც თქვენ არ იმყოფებით, ასევე, ქსელში ჩართულ დამტენებს, ისინი მხოლოდ ელექტრო–ხელსაწყოების დატენისას გამოიყენეთ, ბოლომდე მოკეტეთ ონკანი და უფრო ხშირად იარეთ ფეხით ან იმოძრავეთ ველოსიპედით," – აღინიშნა შეხვედრაზე.

დისკუსია ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს მიეძღვნა, რომელიც 13–დან 17 ივნისამდე აღინიშნება.
Print