ახალი ამბები
ზესტაფონისა და ტყიბულის პოლიციას ახალი უფროსები ჰყავს
FaceBook
ზესტაფონისა და ტყიბულის პოლიციაში ახალი უფროსები დაინიშნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელი პირების დანიშვნას ადასტურებს, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამის შესახებ ოფიციალურად გააცხადებენ.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ზესტაფონში შს სამინისტროს  რაიონულ სამმართველოს დავით გიგაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ტყიბულში ამავე თანამდებობაზე კონსტანტინე (კოკა) მაისურაძე დაინიშნა.

ორივე თანამდებობა ვაკანტური ყოფილი ხელმძღვანელების დაპირისპირების გამო გახდა, რომელიც 2016 წლის 7 მაისს ონში, სასტუმრო "ორიონში" ქალაქის პოლიციის პირველი პირის დაბადების დღეზე მოხდა.

ვიტალი მეტრეველის სადღესასწაულო სუფრა სტუმრების ჩხუბით დასრულდა, რის გამოც, ხელმძღვანელი პირების, ზესტაფონიდან და ტყიბულიდან რაჭაში გავლილი გზა, მათ თანამდებობებთან აღარ დაბრუნდა - ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპქეციამ მომხდარ ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა.

"შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე და შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსი პავლე ბუბულაშვილი დათხოვნილი იქნენ შს ორგანოებიდან; შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - თანამდებობიდან ჩამოქვეითება: ხოლო შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა. ეს უკანასკნელი, ასევე, ჩამოქვეითებულია თანამდებობიდან," – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.


Print