ახალი ამბები
ქუთაისში ნაქირავებ ბინაში სტუდენტები გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში, ახვლედიანის ქუჩაზე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გაქურდეს.

შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა.

როგორც დაზარალებულები განმარტავენ, საღამოს 10 საათისთვის სახლიდან გავიდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მეზობელმა ტელეფონით აცნობა, რომ მათ ბინასთან რამდენიმე საეჭვო ახალგაზრდა შეამჩნია. სახლში დაბრუნებულ სტუდენტებს, ოთახიდან, პირადი და სამსახურებრივი ტექნიკა მოპარული დახვდათ.

"ჩემი საკუთარი ძვირადღირებული ლეპტოპი წაიღეს. გარდა ამისა, აღარაა 2 სამსახურის პლანშეტი და ციფრული კამერა. ასევე, ჩემს მეგობარსაც მოპარეს ციფრული ფოტოაპარატი. ზარალი დაახლოებით 2 500 ლარამდეა. ისე შეგვეშინდა, მეზობლებმა სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს," - ამბობს დაზარალებული, ფატიმა კოკაია.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ახვლედიანის ქუჩაზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ. მათ მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს მაშინვე აცნობეს. თუცა, მათივე განცხადებით, პოლიციის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ არის.

"მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ფაქტია, ამ ხნის განმავლობაში არც ნივთები ჩანს და არც დამნაშავეები არიან დაკავებული," - აცხადებენ სტუდენტები და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

"ქუთაისიპოსტმა" ახვლედიანის ქუჩაზე, სტუდენტების გაქურდვის ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

უწყებაში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
Print