ახალი ამბები
მერიის პრესსამსახურმა ქუთაისიპოსტს სათაურის შეცვლა მოსთხოვა
FaceBook
ადგილობრივ თვითმმართველობაში საკუთარი პოზიცია შეცვალეს


ქუთაისიპოსტზე მასალის (სათაურით: მერიის პრესსამსახური - ჟურნალისტს უფროსის ტელეფონზე სხვა თანამშრომელი ესაუბრა) გამოქვეყნების შემდეგ, მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ეკა მამისეიშვილმა სააგენტოს სათაურის შეცვლა მოსთხოვა.

ამჯერად, ადგილობრივ თვითმმართველობაში საკუთარი პოზიცია შეცვალეს და აცხადებენ, რომ ქონების განკარგვის განყოფილების უფროსი არა დავით გოგრიჭიანი, არამედ დავით მუშკუდიანია. მაშინ როდესაც, რამდენიმე წუთის წინ, მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ეკა მამისეიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ განყოფილების უფროსის დავით გოგრიჭიანის ტელეფონზე ქუთაისიპოსტის ჟურნალისტს სხვა დავითმა ესაუბრა.

ამასთანავე, მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სამსახურების სტრუქტერაში მითითებულია, რომ ქონების განკარგვის განყოფილების უფროსი დავით (ჯემალ)  გოგრიჭიანია. ხოლო მათ მიერ დასახელებული დავით მუშკუდიანი სამსახურის არცერთ პოზიციაზე არ ფიქსირდება. 





საუბარი ეხენა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ატრაქციონების აუქციონის წესით გაიჯარების თემა, რომელიც ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნდა. მერიის პრესსასამხურმა საინფორმაციო სააგენტო დეზინფორმაციის გავრცელებაში მასალაში მოყვანილი კომეტარის გამო დაადანაშაულა. 

"ნიუსში მოყვანილია ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დავით გოგრიჭიანის კომენტარი, რომელიც აბსურდულია, რადგან ამ თემაზე გოგრიჭიანის და ჟურნალისტის საუბარი არ შემდგარა. ასევე ინფორმაციაში მოყვანილი კომენტარი არ შეესაბამება სიმართლეს," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი შინაარსის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი უკავშირდება ქუთაისიპოსტის რედაქციას და ამბობს, რომ პიროვნება, რომელსაც ჟურნალისტმა დაურეკა, არ იყო დავით გოგრიჭიანი, ის სამსახურის სხვა თანამშრომელი იყო და მასაც დავითი ქვია.

"ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დავრეკე, ვითხოვე საკითხში გარკვევა, საიდანაც გადამამისამართეს ქუთაისის მერიის ქონების განკარგვის განყოფილების უფროსთან დავით გოგრიჭიანთან. დავუკავშირი მას ტელეფონით, მივმართე სახელით, ავუხსენი თემა და ვუთხარი რომ ვიყავი "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი. მომაწოდა მოკლე ინფორმაცია, რომელიც უცვლელად გამოვაქვეყნე. იქვე განმიცხადა, რომ დეტალებისთვის მიმემართა წერილობით," - აცხადებს ქუთაისიპოსტის ჟურნალისტი მარი პატარაია.

ქუთაისიპოსტის რედაქცია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას თავი შეიკავონ სააგენტოს დისკრედიტაციისგან, რასაც ბოლო დროს, გამოქვეყნებული კრიტიკული მასალების გამო, გახშირებული ხასიათი აქვს.

აქვე ავღნიშნავთ იმას, რომ მერიის პრესსამსახური მიუთითებდა მასალის ფოტოზე, რომ ნიუსის ფოტოდ იყო გამოყენებული ის ატრაქციონები, რომელიც ფასიანი არ არის, არ იქნება და არც გაიჯარებას ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, მასალაში გასაიჯარებელ ატრაქციონთა ჩამონათვალი არ გამოქვეყნებულა და სააგენტომ ფოტო გამოიყენა ზოგადი სურათის ასახვის მიზნით (ატრაქციონების საილუსტრაციოდ), "ქუთაისიპოსტმა" უკვე შეცვალა ატრაქციონის ფოტო და ის პარკის საერთო ხედით ჩაანაცვლა, რათა კვლად არ მოხდეს გაუგებრობა.
Print