ახალი ამბები
მერიის პრესსამსახური - ჟურნალისტს უფროსის ტელეფონზე სხვა თანამშრომელი ესაუბრა
FaceBook
ქუთაისიპოსტის რედაქცია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას თავი შეიკავონ სააგენტოს დისკრედიტაციისგან, რასაც ბოლო დროს გახშირებული ხასიათი აქვს.


ქუთაისის მერიის პრესსამსახური საინფორმაციო სააგენტო ,,kutaisipost“-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პრესსამსახურში განვარტავენ, რომ სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაში განყოფილების უფროსის დავით გოგრიჭიანის კომენტარი აბსურდულია და მას ეს არ უთქვამს.
მაშინ როდესაც "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი გოგრიჭიანს ტელეფონით დაუკავშირდა, მიმართა სახელით, გააცნო თემა და განუმარტა რომ ჟურნალისტი იყო.

"ინფორმაცია ეხება მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ატრაქციონებს, რომელსაც ქუთაისის მერია 5 წლით აიჯარებს. ნიუსში მოყვანილია ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დავით გოგრიჭიანის კომენტარი , რომელიც აბსურდულია, რადგან ამ თემაზე გოგრიჭიანის და ჟურნალისტის საუბარი არ შემდგარა. ასევე ინფორმაციაში მოყვანილი კომენტარი არ შეესაბამება სიმართლეს," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი შინაარსის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი უკავშირდება ქუთაისიპოსტის რედაქციას და ამბობს, რომ პიროვნება, რომელსაც ჟურნალისტმა დაურეკა, არ იყო დავით გოგრიჭიანი, ის სამსახურის სხვა თანამშრომელი იყო და მასაც დავითი ქვია.

"ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დავრეკე, ვითხოვე საკითხში გარკვევა, საიდანაც გადამამისამართეს ქუთაისის მერიის ქონების განკარგვის განყოფილების უფროსთან დავით გოგრიჭიანთან. დავუკავშირი მას ტელეფონით, მივმართე სახელით, ავუხსენი თემა და ვუთხარი რომ ვიყავი "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი. მომაწოდა მოკლე ინფორმაცია, რომელიც უცვლელად გამოვაქვეყნე. იქვე განმიცხადა, რომ დეტალებისთვის მიმემართა წერილობით," - აცხადებს ქუთაისიპოსტის ჟურნალისტი მარი პატარაია.

ქუთაისიპოსტის რედაქცია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას თავი შეიკავონ სააგენტოს დისკრედიტაციისგან, რასაც ბოლო დროს, გამოქვეყნებული კრიტიკული მასალების გამო, გახშირებული ხასიათი აქვს.
Print