ახალი ამბები
წაგებულ სასამართლო საქმეებზე ქუთაისის მერიამ 100 000 ლარამდე დახარჯა
FaceBook
2015 წელს ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 სასამართლო პროცესი წააგო.

ამ პერიოდში, სხვადასხვა საქმეებზე, მერიას სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ინდმეწარმეებმა და კერძო პირებმა სასამართლო პროცესები მოუგეს.

ადგილობრივი თვითთმმართველობის მიერ წაგებულ სასამართლო პროცესებზე დახარჯული თანხები ქუთაისში კრიტიკის საგანი გახდა.

"მერიაში მიიღებენ უგუნურ გადაწყვეტილებას და რა ენაღვლებათ, აგერ არაა ბიუჯეტის ფული, წააგებენ გადაიხდიან ბიჭები. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მეტყველებს თვითმმართველობაში დასაქმებულთა უგუნურებაზე და იმაზეც, რომ საზოგადოების მხრიდან ნაკლებია კონტროლი ქალაქის ბიუჯეტზე", - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია. მან საკითხი ქუთაისის მერიის მიერ გაცემული ოფიციალური წერილის საფუძველზე გააკრიტიკა.

დოკუმენტში, რომელსაც ხელს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია აწერს, მითითებულია, რომ 2015 წელს თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე გაწეული ხარჯი 99 664 ლარს შეადგენს.

ქუთაისის მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.


Print