ახალი ამბები
ქუთაისში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება
FaceBook
ბიუსტთან ერთად, მწერლის სახელობის ხეივანიც გაიხსნება.


ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება, რომელიც ცნობილი მწერლის დაბადების დღეს მიეძღვნება.

"16 ივნისი ოტიას დაბადების დღეა და გადავწყვიტეთ, სიმბოლურად დაგვემთხვია მისი ბიუსტის გახსნა", - განაცხადა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორმა, გიზო თავაძემ.

მისი თქმით, ბიუსტი ქუთაისელ არქიტექტორს ეკუთვნის, რომლის ვინაობასა და სხვა დეტალებზე პარკის დირექტორი გახსნამდე არ საუბრობს.

ბიუსტი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

მასთან ერთად, პარკში მწერლის სახელობის ხეივანიც გაიხსნება.

ოტია იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში 1930 წლის 16 ივნისს დაიბადა.

წელს იგი 86 წლის გახდებოდა.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ბიუსტის და ხეივანის გახსნა 16 ივნისს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

Print