ახალი ამბები
ქუთაისი-ნიუპორტის 25 წლიანი მეგობრობა ღონისძიებებით აღინიშნება
FaceBook
ღონისძიებები მიმდინარე წლის 14 ივნისს დაიწყება, ხოლო 16 ივნისს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტით დასრულდება.



ქუთაისის და ნიუპორტის დამეგობრების 25 წლისთავი ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისს 16 კაციანი დელეგაცია ეწვევა, რომელსაც უელსის პარლამენტის თავმჯდომარე, როზმარი ბატლერი უხელმძღვანელებს. ის, ასევე, ნიუპორტ–ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი გახლავთ.

როზმარი ბატლერი ქუთაისში ორ საჯარო ლექციას წაიკითხავს.

"სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან ქალაქს, მათ შორის უელსის ეპისკოპოსი, საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ექიმები და ა.შ. ისინი შეხვდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ქუთაისის მერს, იმერეთის გუბერნატორს, ქუთაისელ ექიმებს, სკოლის დირექტორებს, პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებს," – განაცხადა ქუთაისი–ნიუპოტრის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

დელეგაციის წევრები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში თოჯინების პროფესიული თეატრის სპექტაკლს და ასევე, ლადო მესხიშვილის თეატრში ინგლისურენოვანი მიუზიკლის "პიგმალიონის" პრემიერას დაესწრებიან.

ქუთაისში ნიუპორტის ქუჩაზე ორ ქალაქს შორის 25 წლის მეგობრობის იუბილესადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნება.

ღონისძიებები მიმდინარე წლის 14 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტით დასრულდება.

პროექტი ქუთაისის მერიის, ბრიტანეტის საელჩოს, კლინიკების "ბომონდისა" და L&J მხარდაჭერით ხორციელდება.

ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციაცია 25 წელია სხვადასხვა მიმართულების პროექტებს ახორციელებს. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაცია ყოველწლიურად ერთი ქართველი სტუდენტის ქირის გარეშე სწავლას უზრუნველყოფს.
Print