ახალი ამბები
საგნები, რომლებიც აბიტურიენტებმა 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე აირჩიეს
FaceBook
2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა დიდი ნაწილი ინგლისურ ენას ჩააბარებს.

ამ საგანზე არჩევანი 28 840–მა მათგანმა გააკეთა.

აბიტურიენტების მიერ არჩეული საგნების მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, უცხო ენებიდან რუსული ენა 6 556–მა აბიტურიენტმა აირჩია, გერმანული 1 133–მა, ხოლო ფრანგული ენაზე განაცხადი 198–მა პირმა გააკეთა.

მიმდინარე წელს გეოგრაფიის გამოცდას 11 311, ისტორიას კი 12 064 კონკურსანტი ჩააბარებს. ქართული ლიტერატურის გამოცდისთვის რეგისტრაცია 5 759–მა აბიტურიენტმა გაიარა. სამოქალაქო განათლების გამოცდაზე 1 044 მსურველი დარეგისტრირდა, ხოლო ხელოვნებაში 226.

რაც შეეხება სავალდებულო საგნებს, ზოგად უნარების გამოცდას 38 462 კონკურსანტი ჩააბარებს, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურას 36 973 პირი.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში აბიტურიენტების არჩევანი ასე გადანაწილდა: ბილოგია – 4 066, ქიმია – 1 706, ფიზიკა – 657, მათემატიკა – 9 166.

საგამოცდო საგნების ჩამონათვალში ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურინეტებს მიმდინარე წლის 1 ივნისის ჩათვლით ჰქონდათ.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, წაშლისა და დამატების შესაძლებლობა კი მსურველებს აგვისტოს დასაწყისამდე ექნებათ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს იწყება და 22 ივლისს დასრულდება.


Print