ახალი ამბები
"ტორპედოს" პრეზიდენტად ზაალ ჩაჩავა დაინიშნა
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი პრეზიდენტ, ზაალ ჩაჩავას ხელმძღვანელობით ჩაიბარებს.

ჩაჩავა, კლუბის ახალ მწვრთნელთან კობა ჟორჟიკაშვილთან ერთად, უკვე შეხვდა ფეხბურთელებს და უახლოესი გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე  ახალმა პრეზიდენტმა  გუნდს მოუწოდა კლუბში ბოლო დროს შემქნილი ვითარების ფონზე სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები კლუბში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებში. ვიცნობთ სიტუაციას და აქედან გამომდინარე, ყველას გთხოვთ, ნუ აყვებით ინტრიგებს", -განაცხადა ჩაჩავამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა გუნდის გაძლიერებაა, რისთვისაც რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის მოწვევას აპირებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელ ფეხბურთელებთანაც.

"ჩვენ კარგად ვიცით, რა საქმეს ვკიდებთ ხელს. მიზანი ერთია - ვაქციოთ "ტორპედო" ძლიერ კლუბად, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტი იქნება",-განაცხადა ჩაჩავამ.

ჩაჩავას ინვესტორზე, ინვესტიციის რაოდენობასა  და სხვა დეტალებზე შეხვედრაზე არ უსაუბრია.

ასევე, მოგვიანებით გახდება ცნობილი გუნდის ვიცე-პრეზიდენტის ვინაობა.

2010– 2012 წელებში "ტორპედოს" ინვესტორი კომპანია "ვისოლი" იყო. 2013 წლიდან კი კლუბი ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

"ტორპედოში" ახალი ინვესტორის მოსვლას, ხმაურიანი პროცესები უძღოდა წინ. გუნდი ჯერ პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა, შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა და ორმა ფეხბურთელმა დატოვა.

Print