ახალი ამბები
ქუთაისის განვითარების საშუალოვადიანი გეგმა გრძელვადიანის სტატუსით
FaceBook
"ქუთაისი 2020-ში" მოხვდა პროექტები, რომლებიც ამ ვადებში  ვერ დასრულდება

ქუთაისის მერიამ ეკონომიკურ კონფერნციაზე ქალაქის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის კორექტირებული პროექტი წარმოადგინა. ახალ ვერსიაში გეგმის განხორციელების ვადები კვლავ 2020 წელზეა გათვლილი, თუმცა, ამჯერად, ავტორებმა პროექტი გრძელვადიანის სტატუსით წარმოადგინეს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი განმარტავს, რომ რეალურად გეგმა გრძელვადიანია, თუმცა, ქალაქში სწრაფადცვალებადი გარემოს გამო, იძულებული არიან გეგმა საშუალო ვადაზე გათვალონ.

"ვისთვის რა არის გრძელვადიანი. მაგალითად, სტაბილური განვითარების ქვეყნებში გრძელვადიანს 25 წელზე გეგმავენ, მაგრამ ჩვენთან იმდენად ცვალებადია გარემო, რომ მეტ ხანგრძლივ ვადაზე გათვლას აზრი არ აქვს",- ამბობს პაატა კლდიაშვილი.

იგი ასევე განმარტავს, რომ გეგმაში არის პროექტები, რომლებიც 2020 წელს ვერ დასრულდება.

"არის პროექტები, როლებზეც მითითებული გვაქვს დაპროექტება და დაწყება, მაგრამ 2020-ში ვერ დასრულდება",- ამბობს კლდიაშვილი.

რატომ მოხვდა "ქუთაისი 2020"-ში პროექტები, რომლებიც ამ ვადებში ვერ ჩაეტევა, უცნობია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ქუთაისის განვითარების სტრატეგიული გეგმა საბოლოო ვერსიაა, თუმცა, შენიშვნები და რეკომენდაციები ერთი თვის განმავლობაში მაინც მიიღება. ერთი თვის შემდეგ გეგმას საკრებულო დაამტკიცებს.

ეკონომიკურ კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ თბილისის, ბათუმისა და რუსთავის თვითმმართველობების წევრები. ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

Print