ახალი ამბები
წინასაარჩევნო კამპანიის აკრძალვები და ვალდებულები
FaceBook

ხელისუფლების წარმომადგენლებს სამუშაო საათებში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინაღმდეგოდ აგიტაცია-პროპაგანდა ეკრძალებათ.


წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილია. თუმცა, სახელმწიფო უწყებებს და საჯარო მოხელეებს "საარჩევნო კოდექსი" გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.

მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლებს სამუშაო საათებში ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინაღმდეგოდ აგიტაცია-პროპაგანდის გაწევა ეკრძალებათ.

"საარჩევნო კოდექსი" შეზღუდვებს აწესებს მოსამართლეების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვისაც.
მათ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არასამუშაო საათებშიც არ აქვთ.

აკრძალვა ვრცელდება გენერალურ აუდიტზე, სახალხო დამცველის აპარატზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებზე.

კანონდარღვევას წარმოადგენს სააგიტაციო მასალების განთავსება სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების და სამხედრო ნაწილის შენობების გარე ფასადებსა და შიდა ინტერიერზე.

"საარჩევნო კოდექსი", ასევე კრძალავს არჩევნების დღემდე, 60 დღით ადრე საბიუჯეტო ცვლილების განხორციელებას.

კოდექსი სახელმწიფო ორგანოებს ვალდებულებებსაც აკისრებს. კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებულები არიან ხელი შეუწყონ პოლიტიკური პარტიების/ საარჩევნო სუბიექტების/ ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებებისა თუ შეკრებების უსაფთხეობას.

თუმცა, კოდექსში არაფერი წერია "შეფარულ" აგიატაციაზე, რომელსაც შესაძლოა საარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდეს ადგილი.

"ფარული საარჩევნო აგიტაცია" – ამგვარი განმარტება საარჩევნო კოდექსში არ არის. ეს არის კონკრეტული განხილვის საგანი, რა პერიოდში და ვინ გასწია საარჩევნო აგიტაცია, რადგან ამ შემთხვევაში ყველა ნიუანსს აქვს მნიშვნელობა", - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წინასაარჩვენო კამპანიის დაწყების შესახებ სამართლებრივი აქტი მიმდინარე წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა.

2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

 

Print