ახალი ამბები
"მურღულიამ ყველა ბრძოლა მომიგო" - "სადავო კედლის" საქმე
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომის მშენებლობის სასამართლო  პროცესი გადაიდო.


ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომის მშენებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 30 ივნისს გაიმართება.

მოქალაქე ლეილა ბოჭორიშვილსა და ბაზრის დირექტორს, ოლეგ არღვლიანს შორის სასამართლო დავა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

მოსარჩელე მხარე არღვლიანს კერძო საკუთრების დარღვევასა და სახლის დაზიანებაში ადანაშაულებს. ბოჭორიშვილის მტკიცებით, ავტოსადგომის მშენებლობისთვის ბაზრის ხელმძღვანელობამ მისი სახლის კედელი უნებართვოდ გამოიყენა, აამაღლა და პარკირების ადგილი ფანჯრის რაფას გაუსწორა.

არღვლიანი კი აცხადებს, რომ მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს და მოსარჩელე მხარეს კერძო ინტერესები ამოძრავებს.

ლეილა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ არღვლიანი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, მშენებლობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.

"უნდა მცოდნოდა ვის ვებრძოდი. მურღულიას და ამ ხელისუფლების მხარდაჭით ყველა გზა დამიკეტეს. ყველა ბრძოლა მომიგეს. სასამართლო პროცესი გადადეს და ადვოკატებიც ჩამომაცილეს. უკვე აღარაფრის იმედი აღარ მაქვს", - ამბობს ლეილა ბოჭორიშვილი.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ  ავტოსადგომის პროექტი კანონთან სრულ შესაბამისობაშია, ხოლო, შეჩერდება თუ არა  მშენებლობა, ამას  სასამართლო გადაწყვეტს. 

ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომის მშენებლობის კორექტირებული ნებართვა შოთა მურღულიამ 2016 წლის 6 იანვარს გასცა (ნებართვა # 001885).

ფალიაშვილის #2 -ში ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

Print