ახალი ამბები
ქუთაისში წელს 97 "ზებრა" გადასასვლელი მოეწყო
FaceBook
ამ დროისთვის ქალაქში 616 000 კვ.მ ტერიტორიაა მოხატული.


ქუთაისში მიმდინარე წელს 97 "ზებრა" გადასასველელი მოეწყო, რომლის დახაზვა მერიის მიერ დაქვემდებარებულმა შპს " სპეციალურმა სერვისებმა" განახორციელა.

ქალაქში არსებული ქვეითთა გადასასვლელების ნაწილი სხვადასხვა ფერით არის მოხატული. ქალაქში პირველად, გვირილების და კლავიშის ფორმის "ზებრა" გადასასვლელები "გვირილობა 2016" დღესასწულის წინ გამოჩნდა.

მოგვიანებით, კი თეთრ და ცისფერ ფერებში (ბალახვანში 12-ე საჯარო სკოლის წინ) და აღმაშენებლის გამზირზე ყვითელი ფერის "ზებრა" დახატეს.

"ამაზე კონკრეტული პირი არ მუშაობს. უბრალოდ, ამას მოსახლეობის სურვილით და თემატურად ვარჩევთ. მაგალითად, მე -12 საჯარო სკოლასთან ბავშვების სურვილი იყო ასეთნაირად მოგვეხატა. ასევე, თემატურია ოპერის წინ კლავიშების მოწყობა", - განმარტავენ "სპეციალურ სერვისებში".

ქუთაისში სულ 350 ცენტრალური ქუჩაა. თუმცა, რამდენ ქუჩაზე არის ზებრა გადასასვლელი ამის სტატისტიკური მონაცემები ორგანიზაციას არ აქვს.

"სპეციალურ სერვისებში" მხოლოდ იმას შესახებ აქვთ ინფორმაცია თუ რა მოცულობის მიწის ფართი არის დახაზული. მათი განმარტებით, ამ დროისთვის ქალაქში 616 000 კვ.მ ტერიტორიაა მოხატული. ქვეითა გადასასვლელების გარდა, მასში შედის სიჩქარის მარეგულირებელი და მოძრაობის სხვადასხვა ნიშნების მოწყობა. 1 კვ.მ მოხატვის ღირებულება 6.25 ლარს შეადგენს.

ქვეითთა გადასასვლელების მოწყობა "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით" არის განსაზღვრული, რომლის მიხედვით, ე.წ. "ზებრა" არის ჰორიზინტალური საგზაო მონიშვნა.

ამავე დროს, კანონით განსაზღვრულია, რომ ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნა სავალ ნაწილზე) თეთრი ფერისაა. თუმცა, აქვე მითითებულია რა შემთხვევაში იხაზება სავალი ნაწილი ყვითელი ფერით.

"ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.წყვეტილი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა", - ვკითხულობთ "საზგაო მოძრაობის შესახებ კანონში. ამავე კანონში სხვა ფერით ე.წ "ზებრა" გადასასვლელების მოხატვის დასაშვებობის შესახებ, ნებართვა ან აკრძალვა მითითებული არაა.

Print