ახალი ამბები
თავს იგრილებენ ჯიგრები - პროტესტი ქუთაისის მერიაში კონდიციონერების შეძენის გამო
FaceBook
ქუთაისში მერიის მიერ კონდიციონერების შეძენა გააპროტესტეს.

"უზნეობაა როცა მერია ძვირადღირებულ კონდინციონერებს ყიდულობს იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში ასობით ადამიანი განიცდის შიმშილს და მთავრობა ვერ ეხმარება," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

წულაია ირწმუნება, რომ კონდინციონერების შესყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ადგილობრივი მთავრობა მხოლოდ კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული.

"კაბინეტში ყველას აქვს მოწყობილი კონდინციონერი, მაგრამ ეს არ ყოფნით ჯიგრებს და ფოიესაც აგრილებენ, მანქანამდე ვიდრე მივლენ სიცხემ რომ არ შეაწუხოთ," - აცხადებს გოგი წულაია.

გოგი წულაიას ბრალდებებს უსუსურს უწოდებენ ქუთაისის მერიაში და ძვირადღირებული კონდინციონერის შესყიდვას აუცილებლობით ხსნიან.

"სხდომათა დარბაზში არ იყო კონდინციონერი, სადაც ზოგჯერ სამ- ოთხ საათიანი შეხვედრები მიმდინარეობს, ასე რომ ნამდვილად საჭირო იყო მათი მოწყობა," - ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამი კონდინციონერი რამდენიმე დღის წინ შეისყიდა, ტენდერის გზით. მათი საერთო ღირებულება 7 000 ლარი შეადგენს.
კონდინციონერები საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შენობის მეორე სართულის ფოიესა და მოქალაქეთა მისაღებ ოთახში უნდა მოეწყოს.


Print