ახალი ამბები
კომპანია "SMK" ნიკეას ქუჩაზე გზას აღარ დააგებს
FaceBook

"წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქორ "SMK"–ს, ნიკეას ქუჩაზე დაზიანებული გზის რეკონსტრუქცია ევალებოდა.


ქუთაისის მერიას, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა" და ფირმა "SMK" -ს შორის შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ეს უკანასკნელი ნიკეას დასახლებაში გზის საფარს აღარ აღადგენს.

"SMK"–ს, რომელიც "წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქორია, ნიკეას ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო დაზიანებულ გზაზის რეკონსტრუქცია ევალებოდა. თუმცა, სამმხრივი მოპალაპარაკების შედეგად კომპანია იმავე მოცულობის სამუშაოებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეასრულებს.

"გადაწყდა, რომ ნიკეას სრულად აღადგენს "მუნიციპალური განვითარების ფონდი". შევთავაზეთ "SMK"-ს, რომ ის სამუშაოები, რაც მას ამ ქუჩაზე უნდა შეესრულებია, გააკეთოს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ამ ეტაპზე ვიცით, რომ კომპანია გზის საფარს სრულად აღადგენს ასათიანის ქუჩაზე. ასევე, თაბუკაშვილისა და ჩეჩელაშვილის ქუჩის შესახვევებში,"- ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.

ამჟამად, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 2,5 კმ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "საქმილსადენმშენი" ახორციელებს, რითვისაც "მუნიციპალური განვითარების ფონდისგან" 7 200 000 ლარს მიიღებს.

ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაზიანებული გზების უყურადღებოდ მიტოვება ადგილობრივმა ოპოზიციამ რამდენჯერმე გააპროტესტა. კომპანია "SMK"–ში აცხადებენ, რომ გზის საფარის აღდგენა არამდგრადი ამინდების გამო შეფერხდა.

 

Print