ახალი ამბები
ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სამი გზა
FaceBook
ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მის პრევენციასა და შემცირებაზე აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმსჯელეს.

შეხვედრა "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის" ინიციატივით გაიმართა.

ორგანიზაციის კვლევის თანხმად, საქართველოში ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

მათ სახელმწიფო თავშესაფარს, სამართლებრივ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.

"თავშესაფრებში მხოლოდ მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალბატონების განთავსება ხდება. თუმცა სექტემბერში, თბილისში კრიზისული თავშესაფარი იხსნება, რომელშიც სტატუსის არ მქონე სავარაუდო მსხვერპლთა განთავსებაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სამართლებრივ დახმარებას, მასში შედის სასამართლოში წარმომადგენლობა თუ საადვოკატო მომსახურება. აგრეთვე, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა,"–აღნიშნავს ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის დირექტორი, ნინო დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, ოჯახური ძალადობის მსვერპლის სტატუსის მინიჭების 3 გზა არსებობს.

"მას შეუძლია პატრულში ან საუბნო პოლიციაში დარეკოს. ამის შემდეგ სამართალდამცავები გამოწერენ 30 დღიან შემაკავებელ ორდერს. ამ პერიოდში მოძალადეს არა აქვს უფლება მიუახლოვდეს ამ ადამიანს. თუ პოტენციურ მსხვერპლს არა აქვს სურვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს, შეუძლია განცხადებით მიმართოს სტატუსის მიმნიჭებელ ეროვნული საბჭოს ან სასამართლოში დაიცვას თავი ძალადობისგან,"- განმარტავს ნინო დავითაშვილი.

პროექტი, რომელსაც ამერიკის განვითარების საააგენტო აფინანსებს, საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირების მიზნით ხორციელდება.

Print