ახალი ამბები
სქოლიოზის სკრინინგი მოსწავლეებისთვის შესაძლოა უფასო გახდეს
FaceBook
მოზარდებში სქოლიოზის დროულ აღმოჩენასა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილებაზე ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების რესპუბლიკურ კონფერენციაზე ისაუბრეს.

ორთოპედ-ტრავმატოლოგის ტრისტან ნიშნიანიძის თქმით, საჯარო სკოლებში სქოლიოზის სკრინინგის პროგრამის უფასოდ ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია აპრობირებული.

"სქოლიოზის კვლევა და აღმოფხვრა აუცილებელია. განსაკუთრებით, ეს ეხება სკოლის მოსწავლე გოგონებს მეხუთე-მეექვსე და ბიჭებს მეექვსე-მეშვიდე კლასებში," - განაცხადა ტრისტან ნიშნიანიძემ.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა თბილისში უკვე დანერგილი. მოსწავლეებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის პათოლოგიების გამოსავლენად უფასო პროგრამას ქუთაისის მერიაც ახორციელებს.

თუმცა, ტრისტან ნიშნიანიძე სქოლიოზის სკრინინგი პროგრამის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედების აუცილებლობაზე მიუთითებს.
პროექტის მხარდასაჭერად ორთოპედ-ტრავმატოლოგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს.

"კონფერნციაზე განიხილება პროექტის პროტოკოლი, დამტკიცების შემდეგ ის გადაეგზავნება სამინისტროს. მნიშვნელოვანია საკითხი დაიძრას. დადასტურებული ფაქტია, რომ სქოლიოზის დროული აღმოჩენა შემდგომ გართულებებს თავიდან აგვარიდებს," - განაცხადა ტრისტან ნიშნიანიძემ.

ორტოპედ-ტრავმატოლოგთა კონფერენცია ტრადიციულია და ის ორწელიწადში ერთხელ ტარდება. ღონისძიებას 80-მდე ტრავმატოლოგი დაესწრო, აქედან თერთმეთმა მათგანმა საკუთარი მოხსენება წარმოადგინა.

კონფერენცია ქუთაისში კლინიკა "ლჯ"-ში ჩატარდა.

Print