ახალი ამბები
ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს
FaceBook

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ მაჩიტაძეს  გამგებლის მოვალეობის შესრულება "თვითმმართველობის შესახებ კოდექსში" შესული ცვლილების საფუძველზე მოუწევს.

 

საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით  მიმდინარე წლის 25 მაისს განიხილა.

კანონში დაჩქარებული წესით ცვლილების შეტანა, მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელი პირების გარეშე, ხოლო მუნიციპალიტეტის საქმიანობა პარალიზებული დარჩა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის მოვალეობას მანამდე  შეასრულებს, ვიდრე გამგებელს უფლებამოსილება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ შეუწყდება. ხოლო ამ უკანასკნელის შეწყვეტის მომენტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თუკი ერთ წელზე მეტია დარჩენილი, მუნიციპალიტეტში გამგებლის ასარჩევად შუალედური არჩევნები ინიშნება.

რაც შეეხება,  საკრებულოს თამჯდომარეს, მას უფლებამოსილება უჩერდება იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ის გამგებლის მოვალეობას შეასრულებს. თუმცა, საკრებულოს წევრად დარჩება.

კანონპროექტში შესული ცვლილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, მისი მოადგილე შეასრულებს. 

კანონპროექტი ამოქმედებამდე, პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით, ასევე დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს, რის შემდეგაც მას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდეს.

კოდექსში შესული ცვლილება ძალაში, მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ შევა. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შექმნილი სიტუაციის გამო, "თვითმმართველობის შესახებ კოდექსში" დაჩქარებული წესით ცვლილების ინიაციატორი პარლამენტარი გია ჟორჟოლიანი გახლავთ, რეკომენდაციით კი საკანონმდებლო ორგანოს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა.

ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლებმა დააკავეს. მანამდე მან თავისი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა.

Print