ახალი ამბები
მოწვეული ლექტორები ადამიანის უფლებებზე – ლექცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
სახელმწიფოებრივი მოწყობა, ადამიანის პოზიტიური, ნეგატიური და სოციალური უფლებები – ამ და სხვა საკითხებზე წერეთლის უნივერსიტეტში ქართველმა და უცხოელმა ლექტორებმა ისაუბრეს.

ეროვნული თვითგამორკვევა და ადამიანის უფლებებს შორის ისტორიულად წარმოშობილი დაძაბულობა მაგდებურგის უნივერსიტეტიდან მოწვეული ემერიტუს-პროფესორის, გეორგ ლომანის თემა გახლდათ, რაზეც მან უნივერსიტეტის სტუდენტებთან ისაუბრა.

"ზუსტად არ ვიცი საქართველოში რა სიტუაციაა ამ კუთხით, მაგრამ გამომდინარე იქედან, რაც მომისმენია და გერმანული გაზეთებიდან წამიკითხავს, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არსებობენ თქვენს ქვეყანაში გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია," – განაცხადა გეორგ ლომანმა.

ლექცია–მოხსენებით სტუდენტების წინაშე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, მამუკა ბერიაშვილი წარსდგა, რომელსაც თეორიული განათლების მიღება სახელმწიფოს მოწყობაში მნიშვნელოვნად მიაჩნია.

"არა მხოლოდ პრაქტიკული საგნებისადმი ცოდნა, არამედ თეორიული ცოდნაც გვჭირდება. ქუჩაში რომ გააჩერო ადამიანი და ჰკითხო, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება, ვერ გიპასუხებს. ამიტომ, აუცილებელია თეორიული საფუძვლები ვიცოდეთ," – განაცხადა მამუკა ბერიაშვილმა.

ქართველ და უცხოელ პროფესორებს ლექცია–სემინარების გამართვა ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწიათ.

შეხვედრა პროექტის "სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" ფარგლებში გაიმართა. მისი ორგანიზატორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან ერთად აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 19 მარტს შედგა.


Print