ახალი ამბები
უცხოელმა არქიტექტორებმა ქუთაისი დაიწუნეს
FaceBook
უცხოელმა არქიტექტორებმა ქუთაისის მერიის წარმომდგენლებს ქალაქის სივრცული დაგეგმარების პროექტის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითეს.

ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს, მიწათსარგებლობის დაგეგმვის გზით, ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრეს.

"ქუთაისს შემოქმედებითი კუთხით განვითარება აკლია. სივრცისა და რეგიონული დაგეგმარების თვალსაზრისით, აუცილებელია, პირველ რიგში, გაგვაჩნდეს ხედვა, ვიცოდეთ სად გვინდა მივიდეთ და განვსაზღვროთ, როგორი იქნება ქუთაისი ოცი წლის შემდეგ," - განმარტეს უცხოელმა არქიტექტორებმა.

შეხვედრის ორგანიზატორი "კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი" გახლდათ. ორგანიზაციის სპეციალისტების თქმით, სივრცული დაგეგმარების კუთხით საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა.

"პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის შესწავლა. სამწუხაროდ, საქართველოს ქალაქებში ფაქტიურად არ არსებობს სივრცული დაგეგმარების პროექტი, ისევე, როგორც ქუთაისში," - ამბობს ცენტრის წარმომადგენელმა, ქეთევან წერეთელმა.

ქუთაისელმა არქიტექტორებმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტეს, რომ უცხოელებთან შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება, მათთვის კარგი საფუძველი და სტიმული იქნება.

სივრცული დაგეგმარების კუთხით ანალოგიური შეხვედრები ქუთაისის გარდა, თბილისსა და მცხეთაშიც ჩატარდა.

Print