ახალი ამბები
ქუთაისში სიდიდით მეორე ბიბლიოთეკის მშენებლობა იწყება
FaceBook

ბიბლიოთეკის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება



ახალი ოთხასრთულიანი შენობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კურპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

ბიბლიოთეკის მშენებლობის იდეა ამავე სასწავლებლის რექტორს, გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, დღეისათვის არსებული წიგნადი ფონდი უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებშია განთავსებული და საცავები ვერ იტევს.

"ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ლარის ღირებულების ახალ წიგნებს ვყიდულობთ. ამ ხნის მანძილზე ისე გაიზარდა მათი რაოდენობა, რომ ახალი სივრცის შემქნის საჭიროება თავისთავად გაჩნდა", - განაცხადა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა.

გიორგი ღავთაძის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის პროექტი ტენდერზე წარსადგენად მზადაა.

ახალ შენობაში სრულად გადავა უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი და უნიკალური გამოცემები, რომლისთვისაც შესაბამისი კლიმატური გარემო შეიქმნება. მსგავსი პირობები უნივერსიტეტში ამ დრომდე არ არის.

ბიბლიოთეკა ადაპტირებული იქნება საკონფერენციო და სამკითხველო დარბაზებისთვის, რომლითაც სარგებლობა თანაბრად შეეძლება როგორც სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ მსურველს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ბიბლიოთეკის მშენებლობა სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა.

2 500 000 ლარად შეფასებულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას უნივერსიტეტთან ერთად, ქუთაისის მერიაც იღებს, რომელმაც ამ მიზნით ადგილობრვი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი უკვე გამოყო.

საჭირო თანხის 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს.

მშენებლობაზე მთავარ ფინანსურ პასუხისმგებლობას კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იღებს.

ახალი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, რომელიც სიდიდით მეორე იქნება, ქალაქს 2017 წელს ექნება.


 

Print