ახალი ამბები
ქუთაისში "ნაციონალების" საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის თვითმმართველობას მორიგ ბრალდებას უყენებს. მათი თქმით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად დახატული უკრაინის სახელმწიფო დროშის წაშლა და მათ სანაცვლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციის საწინააღმდეგო პლაკატების გამოკვრა, ქუთაისის მერიის ორგანიზებულია.
"მორიგი გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისში. მეიდნის მოვლენების დროს ქალაქის ცენტრში დახატული რამდენიმე დროშა წუხელ წაშალეს და ოპოზიციური პარტიის  მიერ დაანონსებული მიტინგის საწინააღმდეგო პლაკატები გამოაკრეს. ეს დროში ემთხვევა ქუთაისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქუთაისის დაძმობილებული უკრაინული ქალაქის, ჟიტომირის ამაოხრებლის, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟზე უარის შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური კურსის გაგრძელებაა," - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
"ევროპა ჩვენი სახლია" მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებული დამოკიდებულების ხელოვნურად ცვლილებას ნუ შეეცდება. მათი განცხადებით, ამ ორ ერს შორის ურთიერთობა საქართველოს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებზე მაღლა დგას.
"2008 წლის პლებისციტზე ქართველმა ხალხმა ევროპული არჩევანი გააკეთა, რაც დღეს უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს და მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებად საგარეო პილიტიკასთან შეუთავსებელია. ბნელ საბჭოეთში ჩვენი ქვეყნის დაბრუნების ყველა მცდელობა ჩავარდნისთვისაა განწირული," - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ მერიაში უკრაინის დროშის წაშლის და აქციის საწინააღმდეგო პლაკატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
"პლაკატის გაკვრის შესახებ ცნობილი არაა, მერიის შენობაზე გაკრული არაფერი არაა. თუ რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაზე რაიმე პლაკატია გაკრული, შესაბამის რეაგირებას მოვახდეთ, თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება. რაც შეეხება უკრაინას, ის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. ქუთაისის მერია გულშემატკივრობს უკრაინას და გვსურს, რომ იქ მშვიდობა მალე დამყარდეს," - აცხადებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
დეა მანაგაძე
Print