ახალი ამბები
ქუთაისის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

გია გოქაძემ ჟურნალისტებს "სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულის" სოციალური ქსელიდან ამოღებული გვერდის ფოტო მასალა გააცნო. მის მიერ წარმოდგენილ თაბახის ფურცლებზე ჩანს საიტზე გაზიარებული მასალა, სადაც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აქტივობებია ასახული.

"აქ არის მმართველი პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები. საჯარო მოხელეები ყრილობის მასალებს რატომ აზიარებენ? ჩვენი გადასახადების ხარჯზე რატომ ცდილობენ წინასაარჩევნო თანხების გამოყენებას. ეს არის "მშვიდობიანი კორცხელი", რადგან ის ძალადობს მოსახლეობაზე"- ამბობს გია გოქაძე.

ამჟამად, ფოტომასალები სოციალური ქსელის ხსენებულ მისამართზე არ იძებნება. "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი "სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულის" ხელმძღვანელ ნინო გოდოლაძეს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას კითხვაზე, ადასტურებდა თუ არა ის ამ ფოტოების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაზიარებას, მან იკითხა: "ეს რა, დანაშაულია? აკრძალულია?"

გია გოქაძემ მოიშველია კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის მე-15 მუხლის მიხედვით წინასაარჩევნოდ საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა პარტიული მიზნებისთვის, ან ინტერესებისთვის გამოიყენოს. ასევე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია და საარჩევნო კამპანია.

გია გოქაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი საკითხების მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.








Print