ახალი ამბები
"მკვდრადშობილი კომისია" ქუთაისის საკრებულოში
FaceBook
დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.


ქუთაისის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც 2006-2015 წლებში გასხვისებული მიწების განკარგვის კანონიერება უნდა შეისწავლოს.

ჯგუფის ხელმძღვანელად ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ქობალიანი 16 ხმით აირჩიეს.

მის კანდიდატურას საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტზე საკანონდებლო ორგანოს "რესპუბლიკელი" დეპუტატის, ნატო ქათამაძის კანდიდატურა უმრავლესობამ შეგნებულად დაბლოკა, რადგან მისი ობიექტურობის ეშინიათ.

დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ეს კომისია არის მკვდრადშობილი, რომელთანაც თანამშრომლობას ჩვენ არ ვაპირებთ," – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გია უკლებამ.

გასხვისებული მიწების განკარგვის შესწავლაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორი საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი გახლდათ, რომელიც ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების არჩევას გასულ თვეში ითხოვდა.

თუმცა, იმ დროისთვის ნატო ქათამაძე აცხადებდა, რომ უმრავლესობა პროცესს შეგნებულად აჭიანურებდა, რადგან მისი არჩევა ამ პოსტზე არ სურდათ.

თავად ნატო ქათამაძე საკრებულოს დღვანდელ სხდომას არ დაესწრო.

2006-2015 წლებში გასხვისებული მიწების განკარგვის კანონიერების შემსწავლელი დროებითი ჯგუფის შემადგენლობა ამ დროისთვის უცნობია.

Print