ახალი ამბები
"ავტობანის მშენებლობა მიატოვეს" - ხელისუფლებას ყურადღებისკენ მოუწოდებენ
FaceBook

ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს


ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზის რეაბილიტაციის პროცესი თვენახევრიანი წყვეტის შემდეგ  აღდგენილია. თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების შეფერხების გამო შექმნილი პრობლემები კრიტიკის საგანი გახდა.

"ოთხი თვეა არაფერი კეთდება გზის ამ მონაკვეთზე, დანარჩენ ტერიტორიაზე რაც გაკეთდა უხარისხოა, არაკეთილსინდისიერად იქცევა შემსრულებელი კომპანია და მოვუწოდებ ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესდეს," - აცხადებს გოგი წულაია.

ქუთაისის შემოვლითი გზაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ტოდინი" 2012 წლიდან ახორციელებს.

ქუთაისიპოსტი" შესმრულებლ კომპანიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი ზესტაფონი - ქუთაისის გზის მონაკვეთზე შპს "ტოდინმა" სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში შეაჩერა.

"საუბარია მხოლოდ თვენახევარზე, თუმცა ჩვენ გავაფრთხილეთ კომპანია უმოკლეს ვადაში აღედგინათ სამუშაოების მიმდინარეობა და დღესდღეობით რეაბილიტაცია ხორციელდება," - ამბობს გიორგი სეთურიძე "ქუთაისიპოსთან" სატელეფონო საუბარში.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას შევუწყვეტთ კონტრაქტს," - ამბობს გიორგი სეთურიძე.

შპს "ტოდინმა" პროექტის ფარგლებში, ავტობანზე 17 კმ-იანი გზა უნდა მოაწყოს, რომელიც ამავდროულად 10 ხიდის მშენებლობასაც მოიცავს.

ქუთაისის შემოვლითი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ეწყობა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ევროა.



 

Print